ანგელა მერკელმა და მისმა მეუღლემ იოაჰიმ ზაუერმა ერთმანეთი 1984 წელს, მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობის პერიოდში გაიცნეს. იმ დროს იოაჰიმი დაქორწინებული იყო, თუმცა, მალევე განქორწინდა.
წყვილი 1998 წელს დაქორწინდა და 44 წლის ანგელასთვის ეს იყო მეორე ქორწინება. პირველ ქმარზე ანგელას არ უყვარს ლაპარაკი და იმ პერიოდის გახსენებაც მისთვის არცთუ სასიამოვნოა.
იოაჰიმს სულაც არ აწუხებს გერმანიის "პირველი ჯენტლმენის" სტატუსი. იგი პერიოდულად ესწრება "დიდი რვიანის" სამიტებს და სხვადასხვა ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. 2006 წელს მორიგი სამიტის დასასრული ანგელას დაბადების დღეს დაემთხვა და იოაჰიმმა საყვარელ ქალს სასტუმროს ნომერში გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყო, რომლის დეტალები არ ხმაურდება.
გერმანიის კანცლერს შვილები არ ჰყავს. "გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა შვილი, თუმცა, არ გამოვიდა", – აღიარა მერკელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მერკელისგან განსხვავებით, პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს იოაჰიმ ზაუერს.
იოაჰიმი პროფესიით ქიმიკოსია, ანგელა – ფიზიკოსი. ერთი – გავლენიანი პოლიტიკოსია, მეორე – მეცნიერებაზე ჩაციკლული პროფესორი. ანგელას ძალიან უყვარს ფეხბურთი, იოაჰიმს – არა. სამაგიეროდ, ორივეს იტაცებს საკუთარ აგარაკზე ბოსტანში და ხილის ბაღში საქმიანობა და მოგზაურობა.
ანგელა მერკელი ჩინებული მზარეულია და ეს საქმე "გემრიელად" გამოსდის. მისი საფირმო კერძებია: კარტოფილის სუპი, თევზის კერძი და ხორცის "ბალიში".
მერკელი და ზაუერი ხშირად ისვენებენ ევროპის კურორტებზე. მერკელის ოცნებაა, პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ, მეუღლესთან ერთად მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე ავტომობილით იმოგზაუროს.

































































