რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სფფ-ს აღმასკომის სხდომა, სადაც კლუბების გაწევრიანების, კანდიდატების და ხმის უფლების მქონე დელეგატების დამტკიცების საკითხი განიხილეს.
აღმასკომმა ყრილობის დღის წესრიგზეც იმსჯელა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მამუკა კვარაცხელია, რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი დაამტკიცეს.
გარდა ამისა, აღმასკომმა იმ 35 დელეგატის სიაც დაამტკიცა, რომლებიც 3 სექტემბერს, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებენ.
აღმასკომის წევრის, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კახა ებრალიძის თქმით, სხდომაზე არ განხილულა გფფ-ის მიერ წადგენილი კანდიდატის გოჩა ტყებუჩავას შეცვლის საკითხი:
_ ამაზე უკვე იმსჯელეს წინა სხდომაზე. დღეს ამ საკითხს არ შევხებივართ. თუმცა, აღმასკომის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტყებუჩავა ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს, არბიტრაჟში გაასაჩივრებენ, _ გვითხრა ებრალიძემ.
მისივე ინფორმაციით, დეკემბერში გაირკვევა, მისცემენ თუ არა კლუბებს აღმასკომში გაწევრიანების უფლებას:
_ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დეკემბერში ჩატარდება ყრილობა, სადაც გაირკვევა იმ კლუბების საკითხი, რომლებსაც აღმასკომში გაწევრიანება სურთ, რაც თავისთავად ხმის მიცემის უფლებას ნიშნავს, _ დასძინა ებრალიძემ.
ამავე თემაზე: სკანდალური შეხვედრა გუბერნიაში _ ვინ ვისზე და რატომ ახდენს ზემოქმედებას; არშემდგარი სხდომა და გზიდან მიბრუნებული გამგეობის წევრები; "დავემუქრე კი არა, თავს გავუჭყაპავ!“ _ გურიის საფეხბურთო სკანდალები გრძელდება;