ქალაქ ოზურგეთში, იქ, სადაც იუსტიციის სახლი სმშენებლობა მიმდინარეობს, ამბობენ, რომ რომაული აბანოს ნაშთები აღმოაჩინეს. ამის გამო თბილისიდან სპეციალისტებიც იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ ამ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენთან საუბრის დროს, არ ადასტურებენ. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე არ უშვებენ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს.
_ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია. თუ ასეთი რამ დადასტურდება, ეს, ბუნებრივია, საჯარო გახდება და შევეცდებით, პროცესებს შემდგომი მსვლელობა მივცეთ, _ თქვა ჩვენთან საუბრისას გურიის ვიცე-გუბერნატორმა, ლელა თავართქილაძემ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, სწორედ იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც, წყაროს თქმით, რომაული აბანოს ნაშთები ნახეს.
ოზურგეთელი ისტორიკოსი, აწ გარდაცვლილი ენვერ გოგუაძე, ათეული წლების წინ ამბობდა, რომ ამ ადგილზე გურიელების სასახლის ან რომაული აბანოების ნაშთები არისო.
რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ძალიან მალე გახდება ცნობილი.