შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცვაძე "გურია ნიუსთან", მაესტროს ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერიძის მიმართ ხელშეშლის ფაქტს უარყოფს.
"გადაღეჭეს უკვე ეს თემა! ძალიან შემაწუხეთ, ნახეთ კადრები, ცუდად ვარ უკვე რა, პრესცენტრს მიმართეთ, ინტრიგანია ვიღაცაა რა!"-ასეთია პოლიციის მაღალჩინოსნის პოზიცია.
"კარგად ვარ და გურიაში ვაგრძელებ მუშაობას. როგორც ჩანს, ისევ წრეზე ვტრიალებთ. ბევრმა დამირეკა, მაგრამ ვერ ვპასუხობ. მოხდა ასეთი რამ: გურიის სამხარეო პოლიციის უფროსს არ მოეწონა პრემიერ-მინისტრის მიმართ ჩემს მიერ დასმული კითხვა, იყო თუ არა პრემიერი საქმის კურსში, რომ მის ვიზიტს გურიაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დააკვება მოჰყვა.
გურიის პოლიციის უფროსმა პრემიერიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გამიყვანა და მოითხოვდა ამეხსნა, რატომ დავუსვი პრემიერს მსგავსი კითხვა. მისი თქმით, მე გურიის პოლიციელები პრემიერთან დავასმინე. შემდეგ მითხრა, რომ შეეძლო დავეკავებინე და განყოფილებაში წავეყვანე. მთხოვდა ჟურნალისტის მოწმობას, რომელიც მანქანაში მქონდა. რამდენიმე წუთით ჩემი გაუჩინარების შემდეგ, ჟურნალისტებმა დაიწყეს ჩემი მოძებნა. ჩემი კოლეგები კამერებით მოვიდნენ და კამერების დანახვის შემდეგ, პოლიციის უფროსმა საუბრის ტონი შეცვალა. შემდეგ გავარკვიეთ ვინც იყო ეს ადამიანი და ინცინდენტიც ამოიწურა.
სამხარეო პოლიციის უფროსთნ საუბარი მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელ ანა გოჩაშვილთან ერთად გაგრძელდა. პოლიციის უფროსმა მითხრა, რომ მე თავი მუშად გავასაღე და მოვიტყუე. გოჩაშვილმა პოლიციის უფროსს შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ მსგავსი ტონით ჟურნალისტს არ უნდა ესაუბროს"_ წერს ვაჩიბერიძე სოციალურ ქსელში.