საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიმა „ზესტაფონის“ თბილისის ოფისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ გუშინ, ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე, მას პირადად ალექსანდრე ჩივაძემ სთხოვა, რომ სხდომა დაეტოვებინა.
როგორც ილია კოკაია აცხადებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შვიდი სუბიექტი, რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ თანხმობა "თბილისის დინამომ", "ზესტაფონმა", "ფოთის კოლხეთმა", "სამტრედიამ", "ქუთაისის ტორპედომ" და "გორის დილამ" განაცხადეს.
ამასთან, კოკაია ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ჩივაძეს იუდას უწოდებს და აცხადებს, რომ მან ქართული ფეხბურთი გაყიდა.
"გუშინ აღმასკომის სხდომაზე ვიმყოფებოდი, თუმცა, მოვიდა ალექსანდრე ჩივაძე და მითხრა, რომ წავსულიყავი, რადგან ყველაფერი "გაიასნებულიაო", ეს პირადად მითხრა და მე ვუთხარი, რომ იქ არასდროს მივიდოდი. მე არ ვერიდები არც ჩივაძეს, არც ხურცილავას, ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთეს ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ დღეს მის ნგრევაში სოლო პარტია უჭირავთ", – განაცხადა კოკაიამ.
"გურია ნიუსი" ალექსანდრე ჩივაძესთან დაკავშირებას ამ წუთებში ცდილობს და მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.