(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან საფეხბურთო სკოლა ჩამოყალიბდა, რომელსაც გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ “გურიის” ყოფილი თავკაცი დურმიშხან ჩხაიძე უხელმძღვანელებს. სკოლა გვიმბალაურში, ყოფილი მანქანათმშენებლობის კოლეჯის ბაზაზე დაიდებს ბინას: _ ჩვენთან იმუშავებენ მხოლოდ ლიცენზირებული მწვრთნელები, სკოლაც, რა თქმა უნდა, ლიცენზირებული იქნება. გვეყოლება ყველა ასაკის გუნდი. ამ თანამდებობაზე ახლა დამნიშნეს და უფრო კონკრეტულ დეტალებს უახლოეს დღეებში მოგახსენებთ. ერთის თქმა კი შემიძლია _ აქამდე სულ ისეთ ადგილზე მიშვებდნენ, რომ ვალები მხვდებოდა, სკოლა ახალშექმნილია და ეს პრობლემა აღარ იქნება. გვექნება დაფინანსება 50 ათასი ლარის ოდენობით წელიწადში, _ გვითხრა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ გურული ფეხბურთის მესაჭის, იმედო დუნდუას გარდაცვალების შემდეგ, რეგიონულ ფედერაციას დურმიშხან ჩხაიძე გასულ წლამდე ხელმძღვანელობდა. ის დაპირისპირებული იყო ფედერაციის წინა თავკაც ნოდარ ახალკაცთან და ოზურგეთის საფეხბურთო საზოგადოების ნაწილთან. 2009 წლის 5 ნოემბრის არჩევნების დღეს მან კენჭისყრაზე უარი სკანდალური განცხადებების ფონზე თქვა და მისი პოსტი კახაბერ ებრალიძემ დაიკავა.