გუშინ ლონდონში სატარტი აიღო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატმა. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად პლანეტის 20 უძლიერესი ნაკრები იბრძვის. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. მსოფლიო თასის გახსნის ცერემონია საკმაოდ პომპეზური იყო. სტადიონზე შეკრებილ მრავალ ათას გულშემატკივარსა და სპორტსმენებს ინგლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, პრინცი ჰარი მიესალმა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მსოფლიო რაგბის ლეგენდების მონაწილეობა ცერემონიალში, რომელთაც საკუთარი ქვეყნის ნაკრებები წარადგინეს. მათ შორის იყო ქართული რაგბის ლეგენდა ილია ზედგენიძე.
საქართველოს რაგბის ნაკრები C ჯგუფშია განთესილი. მისი უშუალო მეტოქეები არიან მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ახალი ზელანდია , არგენტინის, ტონგას და ნამიბიის ნაკრებები.
პირველ თამაშს "ბორჯღალოსნები"დღეს, საქართველოს დროით 15 საათზე "ქინგსდომ სთედიუმზე" გამართავენ და ტონგას დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრები ტონგას წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ლაშა მალაღურაძე, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ზირაქაშვილი, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი თხილაიშვილი, ვიტო კოლელიშვილი და კაპიტანი მამუკა გორგოძე.