"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წინასაარჩევნო შეხვედრა გურიიდან დაიწყო _ 19 სექტემბერს მან გურიაში რეგიონალური ოფისი გახსნა და შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ აქტიურობისკენ მოუწოდა:
"გურია ყველაზე მეტად ახლოს სცნობდა ჩვენი ქვეყნის მაჯისცემას; ჩემთვის ეს კუთხე არის მშობლიური კუთხე. სექტემბრიდან იწყება ახალი პოლიტიკური სეზონი და პირველი გურია შევარჩიეთ, ოზურგეთი _ ეს არ არის შემთხვევითი საქმე.
ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი ახალი არჩევნებისთვის მზადების გზით. "თავისუფალ დემოკრატებს" აბსოლუტურად უსამართლოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაუწყეს დევნა კოალიციის შიგნით, შემდეგ კი სასამართლოს გზით. თუმცა, ვხედავთ, როგორ დასრულდა შეთითხნილი საქმე თავდაცვის სამინისტროს მიმართ _ ის ადამიანები, რომლებიც უსაფუძვლოდ დააპატიმრეს, ისევ აგრძელებენ მუშაობას თავდაცვის სამინისტროში. ეს იმის დასტურია, ჩვენ ყოველთვის პირნათლად ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას ქვეყნის წინაშე," _ თქვა ალასანიამ
"თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ სალუქვაძე: "დღეიდან, გურიის ცენტრიდან, ოზურგეთიდან იწყება, არ მიწყენს ლანჩხუთი და ჩოხატაური, არსებული ხელისუფლების დემონტაჟი და ვიბრძოლებთ ბოლომდე. გურულები, ყოველთვის საღ გადაწყვეტილებებს იღებდნენ!"