"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამ წუთებში, ბათუმის იახტკლუბში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ, ბათუმის წყალზე სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა დაკავებას ახორციელებს.
ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 10 წუთის წინ, დააკავეს სამსახურის უფროსი ირაკლი ძინძიბაძე და აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოში გადაიყვანეს.
გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ამ წუთებში სამაშველო სამსახურის სხვა თანამშრომლების დაკითხვას აწარმოებენ და ტერიტორიაზე არავის უშვებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ძინძიბაძეს ბრალი იახტებიდან და სხვადასხვა მცურავი საშუალებებიდან დიდი რაოდენობით საწვავის მითვისებაში ედება. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით უწყებაში არ ადასტურებენ.
აღსანიშნავია, რომ ძინძიბაძე საჩხერის რაიონის სოფელ ჭირვილადანაა. იგი ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ფავორიტად ითვლებოდა და გასართობ ცენტრ "ციცინათელადან" წყალზე სამაშველო სამსახურის უფროსად რამდენიმე თვის წინ გადმოიყვანეს.