ნარკოდანაშაულში ბრალდებულ კახა მამულაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 15:00 საათზეა დანიშნული. მისი ადვოკატი ვარაუდობს, რომ დღევანდელი სხდომა გადაიდება.
კახა მამულაშვილი მიმდინარე წლის 9 სექტემბერს 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ბრალდების მხარეც ეთანხმებოდა.
მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკის დროს ხელბარგიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. კერძოდ: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობდა.