ტრაგედია დატრიალდა გუშინ, ღამის საათებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში _ ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდა ისხდა, გზიდან მდინარეში გარკვეული სიმაღლიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. უკანა სავარძელში მყოფი 20 წლის გიალო ჭყონია ადგილზე დაიღუპა. მისი გარდაცვალების მიზეზად ექიმები ფუძის მოტეხილობას ასახელებენ.
რაც შეეხება ავტომობილში მყოფ დანარჩენ ახალგაზრდებს, მათ მცირედი დაზიანებები მიიღეს.
დაღუპული გიალო ჭყონიას ძმაც, შარშან მძიმე ავარიაში მოხვდა და ხერხემლის სერიოზული დაზიანებაც მიიღო. ეს შემთხვევა სოფელ აცანაში მოხდა და მაშინ დიდი რეზონანსიც გამოიწვია _ საქმე იმაში იყო, რომ ადგილობრივი არჩევნების წინდღეებში, შუქრი ჭყონია იმ ტრაქტორზე იჯდა, რომელიც წინასაარჩევნოდ აცანაში გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებდა და შემდგომ ტრანსპორტირებისას ხევში გადაიჩეხა.
მაშინ ოპოზიციამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მოტივით, სასამართლოში სარჩელიც შეიტანა სახელისუფლებო კანდიდატის, ზაზა ურუშაძის მოხსნის შესახებ, მაგრამ ოზურგეთის სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ჭყონიების ოჯახში ტრაგედია რამდენიმე თვის წინაც მოხდა _ ოჯახის უფროსმა ვერ გაუძლო შვილის ტრამვას და ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.