ქალაქ ოზურგეთში, გურამიშვილის ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ოთხი დღეა დაწყებულია. ადგილზე კორპუსის დასავლეთის ფასადის თუნუქის ფურცლით შეფუთვა, ორივე სადარბაზოს შესასვლელის გრძივი კედლის შელესვა, წყალგამტარი და წყალშემკრები მილების დაყენება მიმდინარეობს.
გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებმა ქალაქის მერს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათ კორპუსში კაპიტალური რეაბილიტაცია ოც წელზე მეტია, არ ჩატარებულა.
აქაურ მცხოვრებლებს ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე რამდენჯერმე სპეციალურად მათთვის დაგეგმილ შეკრებაზე, ადგილზე სიტუაციის პირადად შესწავლისას და ამჯერად, უკვე სამუშაოების დაწყების შემდეგ შეხვდა.
პირველ შეხვედრაზე გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ქალაქის მერს თანადაფინანსება შესთავაზეს, თუმცა, ქალაქის მერია რეაბილიტაციას ასპროცენტიანი წილით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 526 ლარით უზრუნველყოფს. სამუშაოები, რომელსაც შპს "დეგო" ასრულებს, ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება და ადგილობრივების პრობლემა, უამინდობისას საცხოვრებელი ფართების დატბორვასთან დაკავშირებით, საბოლოოდ გადაიჭრება.
(R)