დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში "ნაცმოძრაობის" წევრების დავით მჟავანაძის, ილია მალაზონიას და "თავისუფალი ზონის" წევრის ბესო ქათამაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ოზურგეთში ბოლო ვიზიტის დროს, "ნაცმოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" წევრები სამართალდამცავებმა იმის გამო დააკავეს, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე გამოაკრეს აბრა სახელწოდებით – "მატყუარა მთავრობა."
"ბრალდების მხარემ სხდომის მსვლელობისას აღნიშნა, რომ აქცის მოწყობა გუბერნატორთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ახლა მივხვდით, ვისი ზარის შემდეგ დაგვაკავეს. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. ჩვენს მიერ გამოკრული ბანერი ქალაქის იერსახის დამახინჯებად შერაცხეს და უკვე მერამდენე სასამართლო პროცესზე გვარბენინებენ, ხოლო საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსზე კვერცხების სროლა და საღებავებით გადაღებვა, როგორც წულუკიანი ამბობს, თავისუფალი აზრის გამოხატვაა. ჩვენთან თავისუფალი აზრის გამოხატვა გუბერნატორთან ყოფილა შესათანხმებელი.
თუ ნებართვა იყო ასაღები, აღნიშნული ქმედება გუბერნატორთან კი არა, მერიასთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, იმ შემთხვევაში, თუ გადაიკეტებოდა სამანქანო გზა ან ადამიანების გადაადგილება შეიზღუდებოდა. გუბერნატორის სახელის წამოცდენამ კიდევ ერთხელ ცხადყო, ჩვენი დაჭერა იყო პოლიტიკური ხასიათის და კანონდარღვევასთან არაფერი საერთო არ აქვს". – გვითხრა "თავისუფალი ზონის" წევრმა, ბესო ქათამაძემ.
გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ ჩვენთან საუბრის დროს ასეთი კომენტარი გააკეთა:
" მედიისადმი ჩემი ღრმა პატივისცემის გამო ვპასუხობ თქვენს კითხვას. ვინ არის ბესო ქათამაძე, მე საერთოდ არ ვიცი. ამ ადამიანს ეტყობა აქვს სურვილი, რომ ყველა მისი ქმედების გამო გუბერნატორს ცილი დასწამოს. შესაბამისად საბოლოოდ ვაცხადებ, არანაირი არც სურვილი და არც უფლებამოსილება არ მაქვს, ძალოვან სტრუქტურებს მივცე რაიმე სახის მითითება. ეს იქნება ჩემი საბოლოო კომენტარი ამ საქმეზე." – გვითხრა გია სალუქვაძემ.
რა განაჩენს გამოუტანს სასამართლო "ნაცმოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" წევრებს, 1 ოქტომბერს გახდება ცნობილი.