თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც სტუდენტები გახდნენ, ან უკვე იყვნენ სტუდენტები, ერთი წლის განმავლობაში სწავლის ქირით უზრუნველყოფილები იქნებიან.
ამის შესახებ მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შეხვედრაზე განაცხადა.
"განათლების სამინისტროსთან მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმება, რომ ეს დახმარება გავიღოთ. დაფინანსება თბილისის მერის დავით ნარმანიას სარეზერვო ფონდიდან განხორციელდება", _ აღნიშნა ლექვინაძემ და დასძინა, რომ ამ მმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და შესაძლოა, სამომავლოდ მათ სტაჟირების, დასაქმების და სხვა პროგრამები შესათავაზონ.
"ასევე შესაძლებელია სწავლის მთლიანი დაფინანსების კუთხით შეთავაზებების გაკეთება, რაზეც მიმდინარეობს დონორებთან მუშაობა", _ განაცხადა ლექვინაძემ
შეგახსენებთ, ირაკლი ლექვინაძემ კლუბის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გადარიცხული თანხების განკარგვის შესახებ. პრეზენტაცია ასევე შეეხო იმ საჭიროებებსაც, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.
"თბილისის მერიის სახელით შეხვედრაზე წარვადგინე პრეზენტაცია, სადაც იყო ერთგვარი ანგარიში შემოწირული თანხების განკარგვის შესახებ. დღეს აქ იმყოფებოდა თითქმის ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომლებმაც უდიდესი კონტრიბუცია გაიღეს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. პრეზენტაცია შეეხო ასევე იმ საჭიროებებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. დაზარალებულების დასახმარებლად ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები, თუ რა მიმართულებით შეიძლება სხვადასხვა კომპანიების მხრიდან განხორციელდეს მხარდაჭერა", _ განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ღონისძიებას კლუბის წევრებთან ერთად, 100-მდე სხვადასხვა ბიზნეს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.