27 თებერვალს, გურიის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანება მიიღეს, რომლის თანახმად, გურიის სამედიცინო სფეროში არსებული ყველა შპს უქმდება, მათი დირექტორები კი თავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან.
შპს “ლანჩხუთის რაიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03”-ის ნაცვლად შეიქმნა ახალი დაწესებულება, რომელსაც “გურიის სამედიცინო ცენტრი” ეწოდა. იგი გახდა ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში მანამდე არსებული სამედიცინო დაწესებულებების _ “ლანჩხუთის რაიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის 03”-ის, “ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის”, “ოზურგეთის ფსიქონერვოლოგიური დისპანსერის”, “გურიის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის”, “ოზურგეთის ტუბდისპანსერის”, “ჩოხატაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკის”, “ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის”, “მიხეილ ჩაჩავას სახელობის ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის” და შპს “ფტიზიატრი ოცდამეერთის” უფლებამონაცვლე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება ამ დაწესებულებების ქონების ინვენტარიზაცია, შენობა-ნაგებობების სახელმწიფოსთვის გადაცემა და არსებული შპს-ების ლიკვიდაცია.
რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ამ ტიპის რეორგანიზაცია, გაუგებარია. ახლად შექმნილი “გურიის სამედიცინო ცენტრის” დირექტორმა, მიხეილ ბარამიძემ აღნიშნა, რომ ამით არაფერი არ იცვლება, უბრალოდ, ადრე არსებული ბევრი შპს გაუქმდა და შეერწყა ერთ სამედიცინო ცენტრს. არ უქმდება ის სამედიცინო პროგრამები, რომლებიც ადრეც არსებობდა და რომელთაც სახელმწიფო აფინანსებდა.
მიუხედავად იმისა, რომ გურიის სამედიცინო ცენტრის დირექტორი დამამშვიდებელ განცხადებებს აკეთებს, ექიმები დაბნეულები არიან და არ იციან, მომავალში სად და რა პირობებში მოუწევთ მუშაობა. ამ ეტაპზე გაურკვეველია, მოხდება თუ არა არსებული კადრების შემცირება, თუ ყველა მათგანი გააგრძელებს მუშაობას გურიის სამედიცინო ცენტრში. გაურკვეველია ისიც, სად განთავსდება გურიის სამედიცინო ცენტრი.