თბილისის მერია „მეწარმეობის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში სტიქიით დაზარალებული მეწარმეებისთვის იაფი სესხის გაცემის პირობებს ამარტივებს.
დედაქალაქის მთავრობამ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში („მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების თაობაზე” ) ცვლილების პროექტი მოიწონა, რომელიც გარკვეული კატეგორიის მეწარმეებისთვის სესხის შეღავათიანი პირობებით გაცემას ითვალისწინებს.
ცვლილება მეწარმეებს საშუალებას მისცემს იაფი სესხი წლიური 6%-ის ნაცვლად 3%-ად მიიღონ. ცვლილება ასევე ითვალისწინებს სესხის პერიოდის 60-დან 84 თვემდე გაზრდას. სესხის გადახდის შეღავათიანი პერიოდი კი 6-12 თვის ვადით საფინანსო ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად დადგინდება.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოწონებული ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ განახლებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობას შეძლებენ როგორც სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ასევე ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად დაზარალებული მეწარმეები.