დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გახსნა და დღის წესრიგის წაკითხვამდე, დეპუტატებს ახალი ამბავი ამცნო, 2015 წლის 7 ოქტომბერს, 11:00-ზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომის ტრანსლირებას "ონლაინ" სატესტო რეჟიმში მართავს.
" რიცხვი 7 ძალიან სიმბოლურია. ამიერიდან თქვენი მუშაობა იმით გამოჩნდება, თუ როგორ იაქტიურებს ჩვენი მოსახლეობა სხდომებში ჩართვით. ყველა გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, იქნება ფართო საზოგადოებისთვის საჯარო და ეს კარგად დავიმახსოვროთ.
ამასთანავე მადლობა უნდა ვუთხრათ პროექტის "მართე სახლიდან" ავტორებს, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლებს, რომლებიც "ონლაინ" ტრანსლირებას ახორციელებენ ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით და ოზურგეთის საკრებულოსთან თანამშრომლობით. ამიერიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის მეშვეობით ყველას შეუძლია, თვალი ადევნოს სხდომებს შინიდან გაუსვლელად და ამასთანავე მონაწილეობა მიიღოს მასში," _ თქვა დავით დარჩიამ.