იყო ცხოველი, რომელიც ძალიან დიდხანს ეგონათ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი. სანამ უცებ არ გაირკვა, რომ ის რეალურად არსებობდა…
თეთრი ლომი – ლეგენდა მის შესახებ ჯერ კიდევ ფარაონების ეპოქაში არსებობდა.
თითქოს აღმოსავლეთში, სადაც ერთ ტომს დედოფალი ნუმბი მართავდა, ერთხელაც ციდან მბრწყინავი, მანათობელი ბურთი დაეშვა. რაღაც ხმამ დედოფალი თავისთან იხმო. ქალი მის სხივებში ჩაიკარგა და დიდხანს არ ჩანდა. მერე უცებ დაბრუნდა, გაახალგაზრდავებული და გალამაზებული.
იმ დღიდან მბრწყინავი ბურთი პერიოდულად გამოჩნდებოდა ხოლმე და ადამიანებმა შენიშნეს, რომ ლომებს უჩვეულო ბოკვერები უჩნდებოდათ – თეთრბეწვიანი და ცისფერთვალება. აფრიკაში დღეს ამ ლომებს მეფეთა მეფეებს ეძახიან. ყველა აფრიკელს ყოველთვის სჯეროდა მათი არსებობის. ევროპელებმა კი მხოლოდ 1975 წელს ირწმუნეს, როცა პირველად ნახეს თეთრი ლომები და ორი ბოკვერიც მოიპოვეს ერთ-ერთი ზოოპარკისთვის.
დღეს მსოფლიოში დაახლოებით სამასი თეთრი ლომი ბინადრობს. შესაძლოა, ველური ბუნების წიაღში მათი რიცხვი მეტიც იყოს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა. უმრავლესობა ცხოვრობს აფრიკის სამხრეთ-დასავლეთში სანშონას უზარმაზარ ზოოპარკში. 24 თეთრი ლომი ჰყავთ გერმანიის ზოოპარკში.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თეთრი ლომი ალბინოსი ცხოველია. ამ ტიპის შეფერილობა, შესაძლოა, ნაკლებად საშიში გენეტიკური დაავადების ბრალი იყოს. მაგალითად, ლეიკიზმი. ავაზის შემთხვევაში საქმე პირიქითაა – მათ მელანიზმი აქვთ.
არის კიდევ ერთი ვერსია – ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ლომების ერთი ნაწილის გენში მათ უხსოვარი წინაპრების მუტაციური კოდი შემორჩათ. როცა მთელი სამყარო თოვლით იყო დაფარული და ცხოველებსაც ბეწვი შესაბამისი შეფერილობის ჰქონდათ…