თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას, ძირითადი ყურადღება ძალოვანი სამინისტროების სახელმწიფო დაფინანსების საკითხებზე გამახვილდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები, მაკროეკონომიკური და საპროგნოზო მაჩვენებლები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. მისი ინფორმაციით, 2016 წლის პრიორიტეტად კვლავაც ჯანდაცვა და განათლების მიმართულებები განიხილება, რაც შეეხება ძალოვანი უწყებების დაფინანსებას, ასიგნებები შემდეგნაირად გადანაწილდა:
თავდაცვის სამინისტრო – 670 მლნ. ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 595 მლნ. ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 95 მლნ. ლარი.
კომიტეტის წევრი, მალხაზ ვახტანგაშვილი თავდაცვის სამინისტროს შიდა პროგრამებზე გათვალისწინებული თანხებით დაინტერესდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტროს ბიუჯეტი ნატო-ს წევრი ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით დაკომპლექტდა, რაც პროგრამებს შორის თანხების გადატანას გულისხმობს და ერთ კოდში მოცემული დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება. კომიტეტმა კენჭისყრით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს და მის თანმდევ დოკუმენტაციას.