ამერიკული საბჭოების მიერ მხარდაჭერილი პროექტი _ ახალგაზრდული კლუბი საქველმოქმედო ორგანიზაციაა. მასში სხვადასხვა რეგიონები მონაწილეობენ. ახალგაზრდულ კლუბში, ძირითადად, ლანჩხუთის საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები არიან გაერთიანებული.
_ ჩვენი მუშაობა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო სახისაა. მომავალში ვგეგმავთ ტრენინგებს, კონფერენციებს, _ ამბობს კლუბის წევრი ნათია როყვა.
დღის ცენტრთან “იავნანა” ურთიერთობა კლუბმა ქველმოქმედებით დაიწყო. ნათია როყვა “მშვიდობის კორპუსის” წევრებთან ერთად მოვიდა ცენტრ “იავნანაში” და ბავშვების მონაწილეობით მოამზადა ძალიან ორიგინალური მოსალოცი ბარათები 3 და 8 მარტის დღესასწაულებისთვის. მეორე დღეს კი შემოიარეს სკოლები, საჯარო დაწესებულებები, რესურსცენტრი, გამგეობა, საავადმყოფო, აფთიაქები და მისალოცი ბარათები შესთავაზეს. საზოგადოებამ ეს შეთავაზება ხალისით მიიღო. აღებული თანხით კლუბის წევრებმა “იავნანას” ბავშვებს ტკბილეული და საკანცელარიო ნივთები უყიდეს.