თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, მოქალაქეთა მიერ მერიის მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს, განცხადებით პასუხობს. სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში, ქუჩების, სკვერებისა და მოედნების გადათხრა თვითნებურად ხდება და კავშირი არ აქვს მერიის სამსახურების მიერ წარმოებულ კეთილმოწყობით სამუშაოებთან.
"ბოლო პერიოდში გახშირდა ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებურად გადათხრის ფაქტები, ასევე გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება, აქვს ადგილი სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობების დარღვევას და ვადებში შეუსრულებლობას, აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კატეგორიულად მიმართავს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, დაიცვას კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა და იმოქმედონ მხოლოდ კანონის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომები.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის განყოფილება, ამ მიზნით ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს და მიმართავს მოსახლეობას, აღნიშნული ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22"– აღნიშნულია განცხადებაში.