10 და 11 ოქტომბერს ყველის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი "კავკასიური ყველი" 10 ოქტომბერს, რიყის პარკში 11:00 სთ-ზე გაიხსნება და 17:00 სთ-მდე გაგრძელდება. ფესტივალზე, საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იქნება 60-მდე სახეობის ყველი: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის რგოლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობები და სხვა.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ყველის ოსტატების მიერ ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები და საქართველოში წარმოებული ევროპული,ბრენდირებული ყველის ანალოგები.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონკურსიც, სადაც წლის ყველის მწარმოებელი რეგიონი და ხალხის რჩეული ყველი გამოვლინდება. კონკურსის კომპეტენტური ჟიური დარგის სპეციალისტებით და ყველის ტექნოლოგებით იქნება დაკომპლექტებული. გამარჯვებულ რეგიონს, როგორც მომავალ მასპინძელს, გადაეცემა ყველის ფესტივალის სიმბოლური გასაღები.