ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად გერმანიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა, ქართველ ფეხბურთელებს კი კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.
''მინდა გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მივულოცო. მინდა ჩემს ფეხბურთელებს დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენებისათვის. ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, იმიტომ რომ ასეთი დონის გუნდთან, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია მათ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. ამდენი საგოლე მომენტი, მე მგონი მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე არავის ჰქონია გერმანიის ნაკრებთან. მაგრამ გერმანია იმიტომაც არის მსოფლიო ჩემპიონი, რომ მათ კარში ასევე მსოფლიო ჩემპიონი და მოედანზე 10 უმაღლესი დონსი ფეხბურთელია.
ჩემთვის მთავარი იყო, თბილისში გერმანიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ დღეს დაგვენახა საკუთარი თავი, რა მდგომარეობაში და რა დონეზე ვიმყოფებით. მაინტერესებდა გამეგო, ვმუშაობთ თუ არა სწორი მიმართულებით. '' _ აღნიშნა ცხადაძემ.
კახა ცხადაძის გარდა მატჩი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა შეაფასეს.
_საბოლოო ჯამში თამაშს ძალიან დადებითად ვაფასებ. ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო. გასათვალისწინებელია, თუ რა დონის მოწინააღმდეგესთან გვქონდა თამაში. გასაგებია, რომ გერმანიის ნაკრებს მთელი მატჩის მანძილზე ჰქონდა უპირატესობა და ბევრი მომენტიც შექმნეს, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილები ვართ, პირადად მეც და დარწმუნებული ვარ კმაყოფილია ქართველი გულშემატკივარიც. ჩვენმა ნაკრებმა რიგ ეპიზოდებში მსოფლიო ჩემპიონებს არაფერი დაუთმო, რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტიც გვქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. დღევანდელი მატჩი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ჩვენ უფრო დალაგებული, ჩამოყალიბებული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი გვეყოლება, _ – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.
''ვფიქრობ რომ კარგი თამაში გამოვიდა და ღირსეულად ვითამაშეთ. შეგვეძლო ფრე გვეთამაშა, მოგებაც შეიძლებოდა, ნოიერმა რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა. თავიდან ჩვენც გაგვიმართლა, მაგრამ ვფიქრობ ფრე უფრო კანონზომიერი იქნებოდა. ტრიბუნებიდან ქართველი გულშემატკივრის თანადგომას ვგრძნობდით და ეს სასიამოვნო იყო. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო.'' _აღნიშნა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.