დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომაზე გამგეობის ოთხი სამსახურის ცხრა თვის ანგარიში მოისმინეს.
ლევან ჩხაიძემ, რომელიც გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელობს სოფლის მხარდაჭერის, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ წარმოადგინა ანგარიში. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებია განხორციელებული და დღესდღეობით სამუშაოების 65 % -ია შესრულებული.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თენგიზ ხელაძის ანგარიშის მიხედვით, სამსახურმა ექსპლუატაციაში მიიღო ხუთი ობიექტი, ლეგალიზებაზე კი ერთი. ასევე სამსახური ახორციელებს ზედამხედველობას სტიქიის, სოფლისა და ინფრასტრუქტურის პროგრამებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე. ხდება სისტემური კონტროლი ქალაქში გარე ვაჭრობაზე, სანიტარულ-ნორმებისა და წესრიგის დაცვა-შესრულებაზე.
სხდომაზე განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილი ანგარიში. როლანდ ლაშხიას თქმით, მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი გასული ცხრა თვის მონაცემებით მხოლოდ 48,1% -ით არის შესრულებული.
საკრებულოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ეჭვებსაც გამოთქვამენ, რომ წინა წლის დარად, მიმდინარე წლის ბიუჯეტსაც ჩავარდნა ემუქრება.
ვრცელ მასალას ამ თემაზე უახლოს ხანში შემოგთავაზებთ.


































































