"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნიის ბალანსზე არსებული "კამაცუს" მარკის ტრაქტორი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ჰყავდა განსაკარგავად, გუბერნატორის გია სალუქვაძის ინიციატივით, გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს გადაეცემა.
გურიის გუბერნიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ხელშეკრულება ერთი წლის წინ დაიდო და 1 ოქტომბერს ვადა გაუვიდა, რის მიხედვითაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეს ტრაქტორი აღარ ეყოლება. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გუბერნატორმა ის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უნდა გადასცეს.
"კამაცუს" მარკის ტრაქტორს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მდინარეების გასწორხაზოვნებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად იყენებდა, ასევე დიდი თოვლის მოსვლის შემთხვევაში სოფლებში გზების მოსაწესრიგებლად.
აღნიშნულ ინფორმაციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძეც ადასტურებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ ტრაქტორს გურიის გუბერნია, საჭიროების მიხედვით , სხვა მუნიციპალიტეტს გადასცემს:
"ტრაქტორი ნამდვილად ჩვენი გუბერნიის ბალანსზეა, მე მოვთხოვე ოთხივე მუნიციპალიტეტს პრიორიტეტების მიხედვით შემოეტანათ განაცხადი, ეს იყო გადაცემული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ერთწლიანი ხელშეკრულებით. ეს ტარქტორი სჭირდება ლანჩხუთსაც, ჩოხატაურსაც და ქალაქის მერიასაც, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტსაც და იქნება იქ, სადაც დადგება ამის აუცილებლობა."
– ბატონო გია! კონკრეტულად არ გაქვთ გადაწყვეტილი, რომელ მუნიციპალიტეტს გადასცემთ?
– კონკრეტულად ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ველოდები პრიორიტეტებს და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ.
– ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ტრაქტორი გადაეცემა ქალაქ ოზურგეთის მერიას.
– არც იმას გამოვრიცხავ, რომ ქალაქ ოზურგეთის მერიას გადაეცეს გარკვეული პერიოდით, მდინარე ბჟუჟზე არის გასწორხაზოვნებითი სამუშაოები ჩასატარებელი. ეს აღარ იქნება ერთწლიანი კონტრაქტი, იქნება მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით .