ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მხარის გუბერნატორის, ვალერიან ჩიტაიშვილის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ფილიალის ყველა თანამშრომელი, რომლებთანაც გაფორმებული იყო 11-თვიანი შრომითი ხელშეკრულება შეიცვალა _ ახალი სასწავლო წლიდან თანამშრომლებს გაუფორმდებათ 12-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. შესაბამისად, ცენტრის ფილიალებში დასაქმებული მოქალაქეები ხელფასს წლის განმავლობაში უწყვეტად მიიღებენ.
ასევე, გუბერნატორის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის და ფილიალების ყველა თანამშრომელი 2012 წლიდან დაზღვევის ახალ პაკეტს მიიღებს, რომლის საფასურსაც სრულად მუნიციპალიტეტის საკრებულო დაფარავს. დაზღვევის პაკეტში შედის გეგმიური, ჰოსპიტალური მომსახურების, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციების, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების, გადაუდებელი ჰოსპიტალური (სტაციონარული) მომსახურების და სხვადასხვა სახის 100%-იანი დაზღვევა. ასევე გათვალისწინებული იქნება ორსულების მშობიარობისა და სტომატოლოგიის დაზღვევა თანადაფინანსებით.
ცენტრის დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მხარის რწმუნებულის ინიციატივა და საკრებულოს მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანისა და ფილიალების თანამშრომელთათვის სტიმული და მოტივაცია იქნება სამომავლოდ ეფექტური და შედეგიანი მუშაობისთვის, შემდგომში კი პრობლემების ძირეული აღმოფხვრისთვის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანადაფინანსებით, ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას გეგმავს _ 106 პედაგოგს პროფესიულ ჩვევებში ტრენინგ-სემინარები ეტაპობრივად ჩაუტარდებათ. გადამზადებული პედაგოგები აღსაზრდელთა სწავლებაში ახალი სტანდარტებითა და თანამედროვე ლიტერატურით იხელმძღვანელებენ.