ისტორიამ შემოინახა ბაბილონის მეფე ერა-იმიტისთან დაკავშირებული საინტერესო ამბავი: მკითხავმა მას უბედურება უწინასწარმეტყველა. მეფემ გადაწყვიტა, გაქცეოდა ხიფათს და ტახტზე დროებით მათხოვარი დაესვა. ის ფიქრობდა, საშიშროება სწორედ მონარქის სავარძელში მჯდარს ელოდა და ნამდვილი მეფისთვის საფრთხის არიდება მისთვის "შემცვლელის" მოძებნით იქნებოდა შესაძლებელი. მათხოვარს სამეფო გვირგვინიც კი დაადგეს. მეორე დღესვე, საღამოს ნადიმის დროს, ერა-იმიტის ბრინჯის მარცვალი გადასცდა სასულეში და დაიხრჩო. სამეფო ტახტი მასზე დროებით დასმულ მათხოვარს დარჩა. ვინ გაბედავდა მისთვის იმ გვირგვინის წართმევას, რომელიც თავად მეფემ დაადგა თავზე!
ინდოეთში პლასტიკური ქირურგია ჩვენს ერამდე მეექვსე საუკუნეში განვითარდა. მაშინდელი პლასტიკური ქირურგები განსაკუთრებით დაოსტატდნენ მოჭრილი ცხვირის აღდგენაში – იმ პერიოდში, სწორედ ასე სჯიდნენ წარჩინებულებს სახელმწიფოს ღალატისთვის.
თავის ტკივილს ძველ საფრანგეთში უცნაური მეთოდით მკურნალობდნენ: იმას, ვისაც შაკიკი აწუხებდა, თავზე შემოუჭერდნენ ხოლმე ყულფს, რომელიც მანამდე სიკვდილმისჯილს – ჩამომხრჩვალს ჰქონდა ყელზე ჩამოცმული.
ძველი ბრიტანელები უიმედო ავადმყოფებს ბევრს აღარ აწვალებდნენ – მათ, უბრალოდ, კლდიდან ყრიდნენ.
იცით, ესპანეთში ენაბლუებს როგორ "კურნავდნენ"? – ენაზე მათ გაცხელებულ რკინას ადებდნენ. ებლუყუნათ, საწყლებს, ვის რას უშლიდნენ?!