"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას მიმართავს და აფრთხილებს, რომ თუ მისი ოჯახის რომელიმე წევრს ან თანამშრომელს ერთი ღერი თმა მაინც თუ ჩამოუვარდება თავიდან, ამას აუცილებლად აზღვევინებს.
ეს განცხადება გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ "კურიერის" სპეციალური გამოშვების პირდაპირ ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაიხევს უკან ან ამით იზარალებს პირველ რიგში ხელისუფლება და ქვეყანა.
"ამ ყველაფერს ვამბობ იმისთვის, რომ არ მქონდეს უკან დასახევი გზა. ვიჭრი ყველა უკან დასახევ გზას, რადგან მეც ადამიანი ვარ და არ ვიცი, როდის რა მოხდება ჩემ თავს. ამას ვამბობ საჯაროდ, ყველას გასაგონად. მე ვარ ყველაფრისთვის მზად გარდა ერთადერთისა: იმ ვითარებაში, თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევს ერთი ღერი თმა მაინც დასცვივდება თავიდან, იმ ვითარებაში, თუ ჩემს რომელიმე თანამშრომელს, მათი ოჯახის წევრებს, ერთი ღერი თმა მაინც დასცვივდებათ თავიდან, ყოველგვარი მართლმსაჯულების გარეშე, არ დაველოდები არაფერს. ყველგან, სადაც მოგწვდებით, აუცილებლად გაზღვევინებთ, აუცილებლად გაზღვევინებთ ძალიან მძიმედ, რადგან თქვენ თვითონ შეხვედით ამ ჩიხურ მდგომარეობაში და შეიყვანეთ ქვეყანა. ან დაიხევთ უკან, დაანებებთ მედიას თავს და მოგვცემთ მედიას პროფესიული, მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობას, ან ეს ვითარება პირველ რიგში დაგაზარალებთ თქვენ და პირველ რიგში მძიმედ დააზიანებს ქვეყანას", _ განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ გვარამიამ ხვალინდელ სასამართლო სხომასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებენ და დაუყოვნებლივი აღსრულება დაიწყება.