საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასა და რუსთავი 2-ის საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა:
„მე ვუსმინე გუშინ ბატონ გვარამიას და გუშინვე დაიწყო გამოძიება, პროკურატურამ მას უწყისი უკვე ჩააბარა. საკითხი ძალიან მარტივად არის. ამ საქმის უსწრაფესი გამოძიება, მასზე რეაგირება, ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელზეც ნიკა გვარამია საუბრობდა, მის ხელშია. გამოძიების გასაღები ნიკა გვარამიას ხელში უჭირავს.
ის ან სრულფასოვნად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შესაბამისად, იტყვის ვის, როდის, სად შეხვდა, რაზე იყო საუბარი და შემდეგ ამის გამოძიება უმარტივესია, ან არ ითანამშრომლებს და თქვენ მუდმივად გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ მორიგი საუბრები გქონდეთ იმაზე, რომ არაეფექტურია ხელისუფლება.
საერთოდ არ ვიცი გრაფიკულად, კალენდარულად როგორ მიდის რუსთავი 2-ის საქმე, იმიტომ, რომ მოსამართლის კალენდარი ხელში არ მიჭირავს. იმიტომ, რომ ნიკა გვარამია იურისტია და იცის, რომ რაღაც მომენტში მოსამართლე აუცილებლად გამოიტანს გადაწყვეტილებას და შემდეგ რაღაც მომენტში სააღსრულებლო ფურცელი აუცილებლად უნდა გამოვიდეს. ეს იურისპრუდენციის ანაბანაა,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, თინა ხიდაშელმა ეს განცხადება მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.