მთავარ პროკურატურაში “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა. მან პროკურატურაში მიიტანა ის ვიდეომასალა, სადაც, მისივე თქმით ასახულია იმ პიროვნების “რუსთავი 2″-ში შესვლა, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები გადასცა.
_ ჩემი ადვოკატი არ იმყოფება საქართველოში, ამიტომ, ვიდრე ახალ ადვოკატს ვიპოვიდი, დრო დამჭირდა. შევთანხმდით, რომ ამ დროს მოვიდოდი. ვაპირებ, დღეს დავასახელო ის ადამიანი, ვინც ინფორმაცია მომაწოდა. ის ინფორმაციის მომტანი იყო მთავრობიდან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მან ეს გააკეთა.
ეს ადამიანი ასეთად დამისახელა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეხვედრაზე – ამ ადამიანს ვიცნობ, ვენდობი მას, ურთიერთობა გვაქვს, მთავრობასთანაც აქვს ურთიერთობა, ამიტომ, ორმხრივად მისაღები იყო ეს ადამიანი ჩვენთვის.
ეს ადამიანი იყო მესენჯერი ჩვენს შორის. ეს ადამიანი არ არის გედი ფოფხაძე. ის არის დაახლოებული ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, თუმცა, არა მაღალი თანამდებობის პირი, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.