"პორნოვიზიასთან ურთიერთობა არ მაქვს", _ ასე უპასუხა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს 17 მაისის საქმეზე გამართლებულმა მამა იოთამმა.
ჟურნალისტის კითხვაზე მას გულისხმობდა თუ არა პორნოვიზიაში მამა იოთამმა უპასუხა: თქვენ კი არა, საერთოდ "რუსთავი 2", "პირველი არხი", "მეორე არხი"… პროვოკატორი ხარ პირადად შენ და ყველა შენნაირი. თქვენ ხართ საქართველოს პირველი მტრები. გამორთეთ კამერა, რატომ ერევით ჩემს პიროვნებაში. გამორთე შვილო კამერა, მე რატომ მიღებ?!" _ მიმართავდა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს მამა იოთამი.
შეახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მამა იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა. განაჩენი მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს გამოაცხადა.
17 მაისის აქციაზე მანიფესტაციის ხელის შეშლის ბრალდებით თავდაპირველად პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს, შემდეგ ერთ-ერთ სასულიერო პირზე, მამა ანთიმოზზე სამართალწარმოება შეწყდა. ამჟამად კი, სასამართლო ოთხი პირის ბრალდების საქმეს განიხილავდა და მოსამართლემ ოთხივე მათგანი – ბექა სალუქვაძე, ტიტალ დავრიშიანი და გიორგი ბასიაშვილი და მამა იოთამ ბასილაია სრულად გაამართლა.
მუხლი კი, რომლითაც 17 მაისის საქმეზე ბრალდებულებს ედავებოდნენ, ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადის პატიმრობას ითვალისწინებს.