პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბოლო კვირის განმავლობაში წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების და მათი შემდგომი ტირაჟირების ფაქტებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილონ იმ უცხოურ ინტერნეტრესურსებზე საქართველოდან წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობა, სადაც განთავსებულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები.
წამების მსხვერპლთა, მათი ოჯახის წევრთა უფლებებისა და ღირსების დაცვის, ასევე არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით ინსპექტორი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, ორგანიზაციას და მოქალაქეს თავი შეიკავონ წამების ამსახველი ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისგან, განსაკუთრებით საჯარო და ინტერნეტსივრცეში.