საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები წარმოადგენდა. ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ალიანსის წარმომადგენელმა მსოფლიო უსაფრთხოებაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების წარმატებულ პროცესს გაუსვა ხაზი. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს.
"დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დაიწყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან და საქართველოდან აგზავნიან იმ მესიჯებს, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების გზავნილები იყოს იდენტური იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთიანობაა. მადლობა მინდა ვუთხრა ჯეიმს, რომელიც როგორც კონფერენციაზე ითქვა, ნატოს სახეა საქართველოში და ასოცირდება პირდაპირ ნატოსთან საქართველოში; ის ყოველთვის მზადაა ჩამოვიდეს თბილისში და არსებულ გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე ჩვენთან ერთად ისაუბროს"- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
"მინდა მოგილოცოთ წარმატებული რეფორმები, რომელიც თქვენ და თქვენმა წინამორბედებმა თავდაცვის სფეროში განახორციელეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო არსებითი პაკეტის განხორციელების ტემპები, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ხორციელდება; ასევე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელიც თქვენ და ნატოს გენერალურმა მდივანმა გახსენით. მინდა ნატოს, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის სახელით, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში შეაქვთ. მრავალი წელია საქართველოში ჩამოვდივარ, თქვენთან ვთანამშრომლობ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. კიდევ უფრო მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მივესალმებით მეტ ნატოს საქართველოში და უფრო მეტ საქართველოს ნატოში. მადლობა ამისთვის," – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის – ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით, ერთობლივ ფორმატში, პირველად იმართება. ასევე დაგეგმილია, ჯეიმს აპატურაის შეხვედრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან. ალიანსის წარმომადგენელი ახალგაზრდებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საჯარო ლექციას წაუკითხავს.





































































