მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, "რუსთავი2-ის დაცვის მხარის შუამდგომლობა – საქმიდან რევაზ ბერიაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ამორიცხათ, რასაც ექსპერტის დასკვნა ეფუძნება, არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნა, რომლითაც 2006 წელს ტელეკომპანიის ღირებულებაა შეფასებული. როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, დასკვნა ყალბია, რადგან ის ეფუძნება დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერს პირი, რომელიც ტელეკომპანიაში არ მუშაობდა.
ადვოკატები განმარტავენ, რომ რევაზ ბერიაშვილს ტელეკომპანიაში არ უმუშავია, ასევე დოკუმენტს არ აქვს კომპანიის ბეჭედი. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ დოკუმენტი 12015 წელს არის შედგენილი, რა დროსაც ბერიაშვილს ბეჭედზე წვდმა ვერ ექნებოდა.
როგორც ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ პროცესზე განაცხადა, "რუსთავი2"-ის დირექტორმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ ბერიაშვილი კომპანიაში არ მუშაობდა.
ასევე, სალიამ განაცხადა, რომ მათ არ წარმოუდგენიათ სხვა დოკუმენტი სხვა ფინანსური მენეჯერის ხელმოწერით.
მოსამართლემ პროცესზე განმარტა, რომ "რუსთავი 2"-ის წილების სხვადასხვა მესაკუთეებზე წილების გადაცემასთან დაკავშირებული მტკიცებულება სარჩელთან ერთად არის წარმოდგენილი და საქმეს უნდა დაერთოს. რაც შეეხება საექსპერტო დასკვნის საქმიდან ამოღების მოთხოვნას, ის ვერ დაკმაყოფილდება, რადგან ბეჭედი სავალდებულო არ არის, ხელმოწერის სიყალბე კი არ დასტურდება.