ქალაქ ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს მართვის მოწმობა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბათუმში ჩამოართვეს.
როგორც გვითხრეს სიორიძეს, ბათუმში გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე ახლდა და საპატრულოს ეკიპაჟმა ის მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერა.
წყაროს თქმით, სიორიძემ საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და სწორედ ამის გამო ჩამოართვეს მას მართვის მოწმობა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ქალაქ ოზურგეთის მერს ჩამოერთვა მართვის მოწმობა, ბათუმში, 4 ოქტომბერს", _ გვითხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, თეა პერტაიამ.
კითხვაზე გახდა თუ არა მართვის მოწმობის ჩამორთმევის მიზეზი სიმთვრალე, პერტაიამ არ გვიპასუხა და აღნიშნა, რომ ეს პერსონალური ინფორმაციია და სამინისტროს მხოლოდ იმის დადასტურება შეუძლია, რომ სიორიძეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს.
თავად ბეგლარ სიორაძე აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
"არავის ჩამოურთმევია მოწმობა, რა სისულელეა", _ აცხადებს სიორიძე.
კითხვაზე, მაშინ რატომ ადასტურებენ აღნიშნული ინფორმაციას შსს-ში? თქვენი აზრით, უწყებაში იტყუებიან?- სიორიძე გვპასუხობს: "არ ვიცი ვინ რას ამბობს, მაგრამ მოწმობა არავის არ ჩამოურთმევია".
ფაქტს ასევე უარყოფს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.