კონტროლის პალატის მიერ დაკითხული ფოთელი “ქართული ოცნების” აქტივისტები, მუქარისა და ფსიქოლოგიურ ზეწოლის პარალელურად, ახსნა-განმარტების მიცემამდე, ჩხრეკის უპრეცედენტო ფაქტებზე ყვებიან. კონტროლის პალატის წარმომადგენელთა შეკითხვები, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული ხელმოწერების შეგროვებისა და გაზეთ “ქართული ოცნების” დარიგების სანაცვლოდ, ფულადი ანაზღაურების მიღებაზე და მის ოდენობაზე ისმება.
ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დაკითხვაზე მყოფი თამარ ჟვანია დაკითხვის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, დაკითხვა საათნახევარი მიმდინარეობდა, მანამ კი, უპრეცედენტო შემოწმების გავლა მოუწია: “არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი. ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, მაგრამ მეც მომივიდა უწყება. დაკითხვაზე მკითხეს, თუ რატომ მივედი ამ პარტიაში, რატომ გავაკეთე ეს საქმე. მე ჩემი აზრი დავუფიქსირე. მოვუყევი, თუ როგორ ვარიგებდით გაზეთებს და როგორ ვაგროვებდით ხელმოწერებს. მკითხეს ზეწოლას ხომ არ ჰქონდა ჩვენი მხრიდან ადგილი მოქალაქეებზე? რა თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, თუ ადამიანებს არ სურდათ ხელმოწერა, ჩვენ მათ არ ვაიძულებდით. ძირითადად გვეკითხებოდნენ, თუ რამდენი ხმა მოვაგროვეთ და რამდენი გადაგვიხადეს ამისთვის. აინტერესებდათ, რატომ მოხვდი იმ პარტიაში, რომელსაც აფინანსებს რუსეთი. მე, ნამდვილად არ ვიცი ვისგან და საიდან შემოდის ფინანსები _ ჩემი დავალება შევასრულე და ავიღე ანაზღაურება. ეს იყო ჩემი ოჯახისთვის საარსებო თანხა. არსად არ ვმუშაობ. არავის არ აქვს უფლება, ჩემზე ზეწოლა მოახდინოს. სანამ დაკითხვაზე შევიდოდი, მანამდე თმის ღერიდან დაწყებული ყველაფერი შეგვიმოწმეს, საყურეც კი ჩამომხსნეს. ყველანაირი მეტალი ჩამოგვართვეს. ფეხზეც კი გაგვახდევინეს. ძალიან მძიმე პირობებში გაგვატარეს,” _ გვიამბო, თამარ ჟვანიამ.
კონტროლის პალატის უწყება, ფოთში, 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ შორის, არიან “რესპუბლიკური პარტიის” და კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პოლიტიკური პარტიებისა და გაზეთ “ქართული ოცნების” გავრცელებაში მონაწილე აქტივისტები.