იორმუღანლოს # 48 საარჩევნო უბანთან მოხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელს თარხან გასვიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, "ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც ხიდაშელი აცხადებს, თარხან და თორნიკე გასვიანები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროვოკაციებს აწყობდნენ.
"ამ კონკრეტულ ფაქტზე არ მაქვს ინფორმაცია, იმედი მაქვს, ამით სამართალდამცველები დაინტერესდებიან", _ აცხადებს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის თარხან გასვიანის ინფორმაციით, იორმუღანლოს # 48 საარჩევნო უბანთან მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც გასვიანი აცხადებს, მისი ცემის ფაქტში 25 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, "ქართული ოცნების" საარჩევნო კანდიდატის თამარ ხიდაშელის მეუღლე.