დღეს დილის 10 საათიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეებს არ უშვებენ. მათ მხოლოდ შენობის მეორე მხრიდან აქვთ საშუალება შეაღწიონ ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში კონტროლის პალატის სახელით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე იკითხება. როგორც “გურია ნიუსის” კორესპონდენტი ჟანა მეგრელიშვილი ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, მას შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ის უკვე დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებეს ილია ვაშაყმაძეს, რომელმაც უთხრა, რომ დღეის შემდეგ ადმინსიტრაციულ შენობაში გადაადგილება ყველას შეეზღუდება.
_ ასე იქნება ხვალც და სულ. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ წესრიგი დამყარდეს _ დააკონკრეტა ვაშაყმაძემ, თუმცა ჩვენს კითხვას, როდის შემოიღეს ეს წესი არ უპასუხა, _ თათბირზე ვარ და არ მცალია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალეკო მამეშვილის თქმით, კი თურმე ოდესღაც ეს წესი მიუღიათ და სთხოვს იურისტს მოიძიოს, რის შემდეგაც ის ჟურნალისტებიდან ოფიციალურ მიმართვას ითხოვს და ალბათ ამასაობაში კონტროლის პალატაც დატოვებს ადმინისტრაციულ შენობას. ჟანა მეგრელიშვილი, ასევე დაუკავშირდა გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს, რომელმაც ისეთივე პასუხი გასცა როგორს ვაშაყმაძემ და მამეშვილმა.
_ მითხრა, რომ გამოვა და დაგველაპარაკება, _ ამბობს ჩვენი კორესპონდენტი.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის შემდეგ, კონტროლის პალატიდან უწყებები ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ათზე მეტმა ოზურგეთელმა მოქალაქეემ მიიღო. “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით, დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად”, _ წერია უწყებაში, რომელიც 13 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურელმა კობა მაისურაძემ, სოფელ ნაგომარში მცხოვრებმა იური წიქარიძემ, სოფელ ვაკიჯვრის მკვიდრმა მარინა გოთუამ და ირინა მდინარაძემ მიიღო. კონტროლის პალატა მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, დღეს 13 საათზე იბარებს. იური წიქარიძე და მარინა გოთუა “თავისუფალი დემოკრატების” წევრია, ხოლო ირინა მდინარაძე და კობა მაისურაძე “რესპუბლიკელების” მხარდამჭერი. ამ ეტაპზე დაკითხვაზე ორი მოქალაქე ჰყვათ.