ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შპს "კიდობანში"წელს პირველად დაიწყეს სპეციალური პლასტმასის ყუთების დამზადება, რომელსაც ამ სეზონზე ციტრუსოვანთა მოსათავსებლად მოიხმარენ.
_ეს არის უმნიშვნელოვანესი სიახლე, რასაც ჩვენი მეციტრუსეები სიხარულით ხვდებიან. დანადგრი ჩინური წარმოებისაა და წუთში ორ ყუთს ამზადებს. ძირითადად სამი სახის სტანდარტულ ყუთებს ვამზადებთ, რომლებიც იტევენ 7, 16 და 25 კილოგრამ მანდარინს. ჩვენში ასეთი სახის ყუთი პირველად მზადდება, თან ჩვენს სოფელში. ამიტომ ვუწოდეთ "ნატანებელი," _ ასეთი წარწერა ექნება, _ გვითხრა "კიდობანის" დამფუძნებელმა დავით სიხარულიძემ.
კითხვაზე, თუ იქნება ამ სეზონზე ყუთები საკმარისი და როგორ დაეხმარებიან ხალხს, რომელსაც დიდი ხანია, პრობლემად ექცა ყუთის შოვნა, _ დავით სიხარულიძემ გვითხრა, რომ წელს მანდარინის ყუთების გაყიდვა არ მოხდება. ყველა ფერმერს ათხოვებენ იმდენ ყუთს, რამდენიც დასჭირდებათ საკუთარი კარმიდამოდან ციტრუსოვანთა მოსატანად. სარეალიზაციოდ კი ყუთები მომავალი წლიდან დამზადდება.






























































