ETF-მა ჩაატარა კვლევა პარტნიორ ქვეყნებში, სადაც შესწავლილი იყო მოქალაქეთა ის ჯგუფები, რომლებიც არც მუშაობენ, არც სწავლობენ და არ არიან ჩართულები რაიმე სახის ტრენინგში ("NEET"). საერთაშორისო კვლევის თანახმად, მსგავსი ჯგუფების პროცენტული მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია საქართველოში.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში "NEET"-ის მაჩვენებელი 35%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალია ევროპისა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით.
"NEET" ჯგუფების პრობლემატიკა დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალურია ევროპის ქვეყნებში და მიმდინარებს ერთიანი მიდგომის შემუშავება მის გადასაჭრელად.
_ სწორედ ამ ერთიანი მიდგომის ნაწილი უნდა გახდეს საქართველო და დაინერგოს თანმიმდევრული სისტემა, რათა ამ კონცეპტით გადაიდგას ნაბიჯი ევროინტეგრაციისაკენ, _ აღნიშნავენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
სამინისტრო ETF-თან პარტნიორობით უკვე დაინტერესდა და ატარებს ვორქშოფს, სადაც საერთაშორისო ექსპერტები ირლანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ისაუბრებენ "NEET"-ის პრობლემატიკაზე, მსგავსი ჯგუფების გაჩენის, რაოდენობრივი ზრდის სავარაუდო მიზეზებზე და ამასთან, აღნიშნული საკითხის კვლევის მეთოდოლოგიაზე.
სამინისტროს ინფორმაციით ETF-ის ექსპერტებმა წარმოადგინეს ანგარიში, რომლის მიზანია კვლევის შედეგებთან ერთად აამაღლოს ცნობიერება პოლიტიკის დონეზე "NEET"-ის პრობლემატიკაზე, მის განმსაზღვრელ ფაქტორებთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბოს ამ პრობლემის გადაჭრის სისტემური გზები.































































