4 ნოემბერს ოზურგეთში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალის განახლებული ადმინისტრაციული შენობა გახსნა.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია და განახლდა ექსპოზიცია; სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ქრონოლოგიური და თემატური პრინციპით ნაჩვენებია ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების და მოღვაწეობის ძირითადი აქცენტები საარქივო ფოტომასალით, რუქებით და ჩანახატებით, მათ შორის გამოფენილია 20-ე საუკუნის რუქა, სადაც აღნიშნულია ყველა ის ადგილი სადაც მკვლევარმა სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო. ასევე გამოფენილია გურიის მხარის არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები და არქიტექტურული ფრაგმენტები გორისციხის ეკლესიიდან.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმის გახსნას გურიის გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილები არჩილ ყაზაიშვილი, ბადრი გობრონიძე, გიორგი ღურჯუმელიძე, ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილე კობა დუნდუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.