რესპუბლიკური პარტიის წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.
"რუსთავი–2–ის გარშემო რაც ხდება, აქ მთავარი პრობლემაა არა სიტყვის თავისუფლების ან სამართლიანობის აღდგენის თემა (თუმცა, არც უამისობაა), არამედ ხელისუფლების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ.
ერთ–ერთი არსებითი ხასიათის მიღწევა, რაც ნაცმოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლას მოჰყვა, იყო სასამართლოს გათავისუფლება ხელისუფლების წნეხისგან. ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შანსი, რომ სასამართლო სისტემას ერთხელ და სამუდამოდ მოეშორებინა მთავრობის ნოტარიუსის სამარცხვინო ფუნქცია და ჩამოყალიბებულიყო ხელისუფლების ძლიერ დამოუკიდებელ შტოდ, რაც აუცილებელია, თუ საერთოდ გვინდა ნორმალური, სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფო.
ურთმელიძის ეს შუაღამის განჩინება კი არის ძალიან სერიოზული დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. პოლიტიკური მოტივები აქ იმდენად აშკარაა, რომ ამას თეთრი ძაფით ნაკერიც აღარ ჰქვია. შეძლება ითქვას, რომ თუკი აქამდე მოსამართლეს არ ჰყავდა დედა, ახლა სასამართლოს აღარა ჰყავს.
ღლიცინი და სიხარული "აბა ნაცები რომ იმას აკეთებდით კაი იყო?" სტილში ხომ საერთოდ გულისამრევია. არამც და არამც არ შეძლება ასეთი პრეცედენტის დაშვება. "ქურდის ქურდი ცხონდა"–ს პრინციპით ცივილიზებულ სახელმწიფო არ შენდება"-წერს ზურაბიშვილი.