შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ზურაბ ვ. თბილისში, ლიბანის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ზურაბ ვ-ს პირადი ჩხრეკისას, 25,72 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას "ა-კა-ემ"-ის მოდელის არარეგისტრირებული, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 23 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ზურაბ ვ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.