ოზურგეთში, ამ დროისთვის თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია. საგზაო მოძრაობა, ჯერჯერობით, არ შეფერხებულა. თუმცა, როგორც მოსახლეობა გვატყობინებს, შუქი არა ერთ სოფელში გამოირთო.
“გურია ნიუსი” “ენერგო-პრო ჯორჯიას” სერვისცენტრის მენეჯერს გია ნაკაიძეს დაუკავშირდა.
_ სოფლებში: გურიანთასა და ჭანიეთში დილიდანვე გამოირთო შუქი, ანალოგიური ვითარებაა სხვა სოფლებშიც. როდის აღუდგება ამ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება?
_ რამდენ საათში ჩაირთვება, არ ვიცი, მაგრამ საღამოსთვის აუცილებლად ექნებათ, _ მოკლედ მოგვიჭრა ნაკაიძემ, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა გახდა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების მიზეზი.
რატომღაც, ბუნებამაც აუბა მხარი საქართველოს კონტროლის პალატას, რომელიც რამდენიმე დღეა, “ხალხისა და პარტიის” მტრებს ეძებს გურიაში და დაკითხვების სერიალი დღეს დილიდანვე განაახლა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა “შეშფოთება” გამოთქვა კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ აქტივობებთან დაკავშირებით, ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს რეპრესიულ ქმედებებს და როგორც ჩანს, “დიდ პატრონსაც” აღარ ეპუება!
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისში, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია სახლში აკითხავდა იმათ, ვინც დაკითხვაზე არ გამოცხადდა და იმათაც, ვინც გამოცხადდა და ეუბნებოდა, რომ მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული (?!).
ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ ღამით, ქუჩაში, შავ, დახურულ საბარგო მანქანას დაინახავთ. ამ დროს მხოლოდ ის შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ილოცოთ, ეს მანქანა თქვენი სახლის წინ არ გაჩერდეს!
თუმცა, მაინცდამაინც ლოცვის იმედად ნუ იქნებით _ ადრე თუ გვიან, შავი მანქანა მაინც გაჩერდება თქვენს სახლთან!