საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ სახელმწიფო კანცელარიასთან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი მოშიმშილე ლიდერი ირმა ინაშვილი და სხვა წევრები მოინახულა, რომლებიც საგარეჯოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად პოლიტიკურ სპექტრს და მმართველ კოალიციას დილოგისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"პრეზიდენტის განწყობა ამ საკითხებთან დაკავშირებით ცნობილია, იგი ყველანაირად მხარს უჭერდა დიალოგს, მხარს უჭერდა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას და სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მმართველი კოალიციის ჩართვა ამ დიალოგში. ჩვენ განწყობილები ვართ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ საკითხების დიალოგის რეჟიმში გადატანას. ჩვენ გვინდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ და საარჩევნო პრობლემები აუცილებლად შესაბამის გარემოში უნდა წყდებოდეს. ის, სერიოზული ხარვეზები, რაც შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, წლების განმავლობაში ისმებოდა ოპოზიციის მხრიდან. დადგა დრო, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს, ყველამ ვიცით, რომ ერთმანეთთან დალაპარაკების გარეშე პრობლემები ვერ მოგვარდება", -აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოს მოშიმშილეებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა.