საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომელიც ზაალ უდუმაშვილს კომპანიის მართვის უფლებას ანიჭებდა, მტკნარი სიცრუეა. კერძოდ, შპს სამაუწყებლო კომპანია ",რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების – დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის მიერ ზაალ უდუმაშვილზე გაცემული მინდობილობა, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. აღნიშნულის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე .reestri.gov.ge, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით: 211352016. ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია იმის ნახვაც, რომ ამ საკითზე საჯარო რეესტრში განცხადებაც კი არ შემოსულა.
,"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად საჯარო რეეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება საწარმოს დირექტორი და არა მისი მინდობილი პირები.
ზაალ უდუმაშვილს, დავით დვალს და რევაზ საყევარაშვილს ერთობლივი განცხადებითაც რომ მოემართათ საჯარო რეეესტრისთვის, ეს მინდობილობა მაინც ვერ და არ დარეგისტრირდებოდა. ვინაიდან დირექტორის (მოცემულ შემთხვევაში დროებითი მმართველის) მინდობილი პირის/წარმომადგენლის რეგისტრაციის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ კომპანიის პართნიორთა (წილის მესაკუთრეთა) გადაწყვეტილების საფუძველზე. ხოლო უშუალოდ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა წარმოადგენს კერძოსამართლებრივ ურთიერთობას უშუალოდ მასსა და სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის და მას კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებთან არანაირი შეხება არ გააჩნია.
შესაბამისად, საჯარო რეესტრი თვლის, რომ ნიკა გვარამიასა და ასევე დროებით მმართველების დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები საჯარო რეესტრთან მიმართებაში უპასუხისმგებლოა.