11 ოქტომბრის კოკისპირული წვიმის შედეგად, რასაც თან ძლიერი ქარიც ერთვოდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. უამინდობის გამო შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითად ნაწილს.
ნინოშვილის ადმინისტრაციაში ქარმა სახლები დააზიანა. გამგებლის წარმომადგენლმა ბაჩუკი ტუღუშმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წუხანდელმა უამინდობამ სოფელს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
"ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა ვასილ გოგუაძის სახლს, ხოლო თაიგულ ხასიას საცხოვრებელს აივანი მოგლიჯა. ასევე სოფლის ცენტრალურ გზაზე, მაღალჯუმათის მიმართულებით, ძლიერი წვმის გამო ხიდია ჩანგრეული და გადაადგილება ჭირს. მნიშვნელოვნად დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, ე.წ. ღლონტების უბანში მისასვლელი გზა მთლიანად ჩამოირეცხა და აქაური მოსახლეობა მოწყვეტილია სოფელს", -გაგვიცხადა ბაჩუკი ტუღუშმა.
სოფელ ნიგვზიანში გამგებლის წარმომადგენლის ირაკლი გუჯაბიძის თქმით, მდინარეების წყალთითელასა და საბანელას ადიდებამ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია, დანგრეულია ხიდი, წყალი შევიდა მოსახლეობის ეზოებში. ამის გარდა საგრძნობლად დაზიანდა სოფლის შიდა გზები.
ნიგვზიანის მაჟორიტარი დეპუტატის ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, წუხანდელმა ძლიერმა ქარმა სოფელში ხეები მოგლიჯა, ხოლო წვიმის შედეგად სასოფლო გზები დაზიანდა.
"უამინდობის გამო რამდენიმე საათით მოსახლეობას ელექტროენერგიაც არ მიეწოდებოდა, მდგომარეობა ჯერ კიდევ შესასწავლია და ზუსტი ინფორმაცია, მოგვიანებით გვექნება", – აღნიშნა სარიშვილმა.
წუხანდლელი უამინდობის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ აცანაში, ე.წ ჯიჯიეშვილების უბანში. გამგებლის წარმომადგენლის უჩა ჩხაიძის განცხადებით, სოფელში ძირითადად გზებია დატბორილი, დაზიანებულია სანიაღვრე არხები.
"ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს განსაკუთრებით შიდა გზების მხრივ, მდგომარეობას ვსწავლობთ, რომ სრული სურათი შეგვექმნას, რა ზარალი მოგვაყენა სტიქიამ", -გვითხრა ჩაიძემ.
რაც შეეხება ქალაქს, ძლიერი წვიმის გამო აქ ძირითადად გზები დაიტბორა, წყალი შევიდა ასევე მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში. ქალაქის წარმომადგენლობის თქმით, დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით, არ გააჩნიათ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ასევე ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დაზიანდა აკეთის, ხიდმაღალასა და სუფსის საბავშვო ბაღების სახურავები. ა(ა)ი.პ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის დირექტორის ბრძანებით აღნიშნულ ბაღებში შეჩერებულია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2 დღით. სტიქიასთან დაკავშირებით სააღმზრდელო ცენტრში შეიქმნა შიდა შტაბი.
მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის თქმით, გამგეობაში შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც ამ კუთხით ახორციელებს სამუშაოებს.
"კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა სახის ზარალი განიცადა მუნიციპალიტეტმა წუხანდელი სტიქიის შედეგად, ჯერჯერობით დადგენილი არაა, მიმდინარეობს მონაცემების შეგროვება სოფლებიდან. ამ დროისთვის რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ თითქმის ყველა სოფელში დატბორილია გზები, მათ შორის ქალაქის ტერიტორიაზეც", – გაგვიცხადა ლევან ჩხაიძემ.
დღეს დილიდან ლანჩხუთში გამოიდარა და მზიანი ამინდია.
ლანჩხუთში სტიქია რვა ოქტომბერსაც მოხდა, რომლის სალიკვიდაციო თანხამ მთლიანობაში მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა.