“გურია ნიუსი” წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ გურიის მაღალჩინოსნებმა ჩაატარეს “საიდუმლო სერობები” სოფლების რწმუნებულებთან, დეპუტატებთან, აგრეთვე სპეციალურად ხელდასმულ დამსმენებთან და დაავალეს, რომ ქუჩა-ქუჩა, სოფელ-სოფელ თუ კუთხე-კუნჭულ შეეგროვებინათ ინფორმაცია ივანიშვილის მომხრეთა შესახებ და ოპერატიულად მიეტანათ მათთვის. როგორც წყარო ამბობს, რამდენიმე ხნით ადრე, “გურიის თავსაც” უბრძანებია, თურმე, რეგიონის მაღალჩინოსნებისთვის: “ხელფასი იმიტომ მოგემატათ, არჩევნები უნდა მოვიგოთ, არავითარი “ქართული ოცნება” არ არსებობს და არც უნდა იარსებოსო”.
წყაროს თქმით, ხელფასმომატებულებმა უფროსის დავალება ნაციონალურ “5”-იანზე შეასრულეს და სწორედ ასეთი გზით შედგენილი სიებისFსაფუძველზე იბარებს ახლა კონტროლის პალატა ადამიანებს დასაკითხად, _ ამბობს წყარო.
ახლა გურიაში დაკითხვის პროცესი აქტიურ ფაზაშია. განცვიფრებული, შეწუხებული ერთმანეთს განცვიფრებული ეკითხება: _ ხელი მეც მოვაწერე ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით და ეს დანაშაულია? პატრიარქმაც ხომ ხმამაღლა განაცხადა, ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს და კურთხევაც მისცა?
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რას ფიქრობენ ოზურგეთელი მოქალაქეები კონტროლის პალატის ეგზეკუციასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა უმრავლესობამ, რა თქმა უნდა, ამ თემაზე ღიად საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა: _ ძალიან გთხოვთ, არ გვკითხოთ, არ გვინდა ამ თემაზე საუბარი.
თამამად მოსაუბრე მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე აღმოჩნდა:
_ ჯერ ერთი, მსგავსი ქმედება კონტროლის პალატის ფუნქციაში არ შედის. ეს ღონისძიება გამიზნულია მხოლოდ მოსახლეობის დასაშინებლად, რადგან მეორედ ან სულაც არჩევნებზე არავინ გაბედოს ივანიშვილისთვის მხარდაჭერა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ქმედება გამოიწვევს უკუქმედებას, ხალხის გაღიზიანებას და ხელისუფლებისთვის უფრო წამგებიანი იქნება. გასული საუკუნის დასაწყისში, შინსახკომის აკეთებდა მსგავს რაღაცეებს, ანუ მათ ევალებოდათ ხალხის “ჩაშვება”. სწორედ ეს “ხალხის ჩაშვების დრო” დაბრუნდა და იკითხეთ, ვინ არიან ეს ჩამშვებები. დღევანდელი პროცესები სწორედ იმ წლებს მაგონებს, _ამბობს “გურია ნისუთან” საუბარში ოზურგეთელი ანზორ დოლიძე.
_ ეს პროცესები მოსახლეობის დასაშინებლად არის გამიზნული და აღმაშფოთებელია უტიფრობით. უბრალო, ალალ, უღალატო ადამიანებს აშკარა წნეხის ქვეშ ამყოფებენ, რათა ათქმევინონ, რომ შავი თეთრია ან _ პირიქთ. ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მთავრობასთან მისულ ადამიანს რომ გუშინდელი ღლაპი დაკითხავს, ეს არის საქართველოს სირცხვილი და სიკვდილი _ არ ვაზვიადებ. გაზეთის გავრცელება თუ დანაშაულად ითვლება, მაშინ სააკაშვილი მსოფლიო მასშტაბის განგსტერი ყოფილა, რადგან ჯერ კიდევ 2003 წელს, როცა ის ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდა, მის მომხრეებს ზურგით, მანქანებით, ლამის გოდრებითაც გადაჰქონდ-გადმოჰქონდათ მისივე პარტიის გაზეთები, უსაზღვრო რაოდენობით. ამ გაზეთებში, ძირითადად რევანშისტული მოწოდებები გაისმოდა. მათ შორის, გავიხსენებ ერთ ფრაზას: “როცა ხელისუფლებაში მოვალთ, ჩვენს წინამორბედებს კუდის რიკამდე გავატყავებთ”. თქვენი გაზეთით შეახსენეთ და გაახსენეთ ნაციონალებს, როგორ იქცეოდნენ ხელისუფლებაში მოსვლის წინ, 2003 წელს, _ამბობს “გურია ნიუსთან” პედაგოგი ქალბატონი მაია, რომლის გვარსაც გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ.
ციალა, 60 წლის: _ ვერ გეტყვით ვერაფერს, არ ვარ საქმის კურსში, სოფლიდან ვარ ჩამოსული, ტელევიზიას არ გადმოუცია და საიდან მეცოდინება? ჩემი გაჭირვება მაქვს _ თოვლი დიდია და შეშა არ მაქვს სახლში, _ გვითხრა ბაილეთის მცხოვრებმა.
გია სვანიძე, 48 წლის: _ რა ვიცი, რა გითხრათ? ივანიშვილის გაზეთს ვკითხულობ, რა თქმა უნდა და არ მეშინია. თუ თავისუფლებაა, თავისუფლება უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, რომ მე რაც მინდა, იმას წავიკითხავ. თავისუფალ ქვეყანაში სიმართლე უნდა ითქვას, სიმართლე უნდა თქვას ყველამ _ დაწყებული ხელისუფლებიდან, დამთავრებული ოპოზიციით. ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, ხალხს შია, ხელგამოწვდილი დადიან ქუჩაში. გუშინ დავინახე ქუჩაში, მოხუცებული ქალი სანაგვე ყუთიდან საჭმელს იღებდა _ ვიღაცას ღვეზელი ჩაუგდია. ეს სირცხვილი არაა? ამას ყველა ხედავს, მაგრამ ბევრი თვალებს იბრმავებს, ვითომ ვერ ხედავს.
ზურაბი, პენსიონერი: _ რა ხდება? არ გამიგია არაფერი, ვერაფერს გეტყვით.
ელენე მუქბანიანი: _ ძალიან ცუდია ხელისუფლების ქმედება _ ეს არის ძალადობა. ვიცი, რა თქმა უნდა, რაც ხდება, მაგრამ ადამიანები არ არიან მზად დემოკრატიისთვის.