"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, ლევან ბერძენიშვილის ოჯახის საკუთრებაში ორი მიწის ნაკვეთი, ორი საცხოვრებელი სახლი და ავტომობილია.
ამის შესახებ, ბერძენიშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2015 წლის 10 ნოემბერს შეავსო.
კერძოდ, ლევან ბერძენიშვილის 100%-იან საკუთრებაშია 188.66 კვ.მ-ის ფართობის სახლი და 258.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, ვეძინის 17 ნომერში. ასევე, ლევან ბერძენიშვილის კუთვნილებაა 2002 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა Honda CR-V.
მისი მეუღლის, ინგა შირავას საკუთრებაში კი, ბათუმში მდებარე 368.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და ამავე მისამართზე არსებული 98.32 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლია.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსებისას, ბერძენიშვილისა და შირავას ანგარიშებზე თანხა საერთოდ არ იყო. ოჯახს თანხა არც ნაღდი ფულის სახით ჰქონდა.
თუმცა, დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის ერთი წლის შემოსავალი 86 240.20 ლარია.
კერძოდ, ლევან ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტიდან, სადაც მას სრული პროფესორის თანამდებობა უჭირავს 7 200.00 ლარის შემოსავალი მიიღო; კავკასიის უნივერსიტეტიდან (ასოცირებული პროფესორი) – 6 000.00 ლარი; საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის 60 590.20 ლარი აქვს მიღებული, ხოლო რადიო "შოკოლადიდან", სადაც ის გადაცემა "წიგნების" წამყვანია, 3200.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ინგა შირავას, კერძო სკოლა "მწიგნობართუხუცესიდან" (მასწავლებელი) მან შემოსავლის სახით 9250.00 ლარი მიიღო.
დეკლარაციის მიხედვით, ლევან ბერძენიშვილის სახელზე ორი საბანკო სესხია.
თი-ბი სი ბანკში 51100.00-ლარიანი კრედიტი 2012 წლის 6 ნოემბერს აქვს აღებული (ხელშეკრულების საგანი – ბანკის მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით), რომლის ვადაც 2017 წლის 5 მარტს იწურება.
კრედიტის დასაფარად, ბერძენიშვილმა ერთი წლის განმავლობაში 17 126.65 ლარი გასცა.
გარდა ამისა, ბერძენიშვილს ამავე ბანკიდან იგივე სახის საკრედიტო ხელშეკრულება 2013 წელსაც აქვს დადებული. დეკლარაციის მიხედვით, საკრედიტო თანხა 10 000 ლარია, ხოლო ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 5 მაისს იწურება. პროცენტის დასაფარად კი, ერთი წლის განმავლობაში 3200 ლარის გასავალი აქვს დაფიქსირებული.