ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია 15 დეკემბერს გაგვაცნობს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგი და პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
"ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევაში.
ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ წარმატებით მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბევრ ეტაპობრივ მიზანს. ცხადია, აუცილებელია მუშაობის გაგრძელება დარჩენილი მიზნების მისაღწევად. როგორც ერთი კვირის წინ თბილისის ვიზიტის დროს აღვნიშნე, მართალია, მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სახეზეა აშკარად პოზიტიური ტენდენციები,"-განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
"პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ტრანსფორმაცია და მოდერნიზაცია. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიის კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა დაცვა და ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის უზრუნველყოფა,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, თვალსაჩინოა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები რეფორმირების გზაზე.
"ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მონდომებას და მიღწევებს. საქართველომ გაატარა რეფორმები, რათა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით,"-აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.